პლასტიკური ქირურგიის მიღწევები
XX საუკუნის დასაწყისიდან მოყოლებული, სილამაზის ცნება საგრძნობლად შეიცვალა, იდეალური გარეგნობის სტანდარტი არაერთხელ გადაფასდა. როგორც ჩანს, მსოფლიოს მობეზრდა ერთ ყალიბში ჩამოსხმული ლამაზმანების ცქერა. ახლა არავინ დაგიწუნებთ, თუ ზომაზე დიდი პირი ან ასიმეტრიული თვალები გაქვთ. ის კი არა, შესაძლოა, უცნაურმა გარეგნობამ პოპულარულიც გაგხადოთ.
მიუხედავად იმისა, რომ ყველაზე მომხიბლავი ინდივიდუალიზმია, პლასტიკურ ოპერაციას მთელ მსოფლიოში სულ უფრო მეტი ადამიანი იკეთებს, თუმცა ცოტა თუ მიმართავს ესთეტიკური ქირურგიის ცენტრს იმის სურვილით, რომ ჯულია რობერტსის ცხვირით ან ანჯელინა ჯოლის ტუჩებით დაამშვენონ. ყველა ქალბატონს (და, თქვენ წარმოიდგინეთ, ბატონსაც) სილამაზის საკუთარი რეცეპტი აქვს, რომლის მიხედვითაც პლასტიკურმა ქირურგმა ახალი იმიჯი უნდა გამოუძერწოს.
ზიგმუნდ ფროიდს ერთი უცნაური არისტოკრატი სტუმრობდა, რომელიც ღრმად გახლდათ დარწმუნებული, რომ მის თავში მტრედებს დაედოთ ბინა. ფროიდი რის ფროიდი იყო, მტრედებისთვის ბუდე არ დაენგრია: იყიდა რამდენიმე მტრედი და ერთ-ერთი სეანსის დროს პაციენტის ზურგს უკან აუშვა, თითქოს თავიდან ამოაფრინაო. ასე განიკურნა ცისფერსისხლიანი პაციენტი.
ალბათ, ხვდებით, რომ ეს მაგალითი ტყუილად არ მოგვიყვანია. ფსიქოლოგები მიიჩნევენ, რომ იმ ადამიანთა უმეტესობა, ვინც პლასტიკური (თუ გნებავთ, ესთეტიკური) ქირურგიის ცენტრს აკითხავს, კომპლექსით არის შეპყრობილი და ყველაზე ნაკლებად ქირურგის დახმარება სჭირდება.
რამდენიმე წლის წინ CNN-ით ლარი კინგის ვრცელი სიუჟეტი აჩვენეს, რომელიც პლასტიკური ოპერაციების შესახებ მოგვითხრობდა. გადაცემა რეალურ ამბებზე დაყრდნობით იყო მომზადებული და დაწვრილებით აღწერდა ორი ქალის იმიჯის შეცვლის ისტორიას: ჩვეულებრივი (უფრო უსახური) გარეგნობის ქალბატონები სულ მოკლე ხანში ყველაზე სასურველ ლამაზმანებად იქცნენ. როგორც სიუჟეტის დასასრულს გაირკვა, მათ გარდასახვაში ყველაზე უმნიშვნელო წვლილი პლასტიკურ ქირურგიას მიუძღვოდა. ამაში გაცილებით მეტი შრომა ფსიქოლოგებმა, ვიზაჟისტებმა და იმიჯმეიკერებმა ჩადეს.
ისე არ გაგვიგოთ, თითქოს პლასტიკური ქირურგია მედიცინის ნაკლებად სასარგებლო, ყურით მოთრეულ დარგად მიგვაჩნდეს. ეს რომ ასე არ არის, ის ფაქტიც მოწმობს, რომ პლასტიკური ქირურგიის დახმარების მსურველთა რიცხვი მსოფლიოში წლიდან წლამდე იზრდება, ხოლო ესთეტიკური მედიცინის ცენტრები სოკოებივით მრავლდება.
პლასტიკური ქირურგიის მსგავსი ოპერაციები ქრისტეს შობამდე 1 საუკუნეში ძველ რომშიც კი კეთდებოდა. უძველესი და მწირი წყაროების თანახმად, რომაელები დაზიანებულ სახეს და ყურებს ქირურგიული ჩარევით ასწორებდნენ. თუმცა, როგორი მეთოდბით და ტექნიკით ეს უცნობია. ჩვენთვის ასევე ცნობილია, რომ 18-ე საუკუნეში ინდოეთის ერთ-ერთ კოლონიაში ჩატარებულ იქნა ცხვირის ოპერაცია, შუბლის კანის ნაგლეჯის გადანერგვის საშუალებით. მსგავსი ოპერაცია ინგლისში 1814 წელს ჩაატარა ექიმმა ჯოზეფ კარპიუმ, რომელმაც ავადმყოფს 3 დღის თავზე, მართალია არა სრულყოფილი, მაგრამ ჯანსაღი ცხვირი დაუბრუნა. გამომდინარე იქედან, რომ იმ პერიოდში ტკივილ გამაყუჩებელი პრეპარატები ძალიან მცირე რაოდენობით იყო და მსგავსი ოპერაციებს ჯოჯოხეთურად საშინელი ტკივილები და მრავალი ინფექციები ახლდა თან, პლასტიკური ოპერაციები დროებით აკრძალეს, სანამ ხმარებაში შემოვიდოდა გამაყუჩებლები და ანტიბიოტიკები, რომელთა საშუალებით პლასტიკური ოპერაციები უმტკივნეულოდ და უსაფრთხოდ ტარდებოდა. სწორედ ამ პერიოდიდან, საფუძველი ჩაეყარა პლასტიკური ქირურგიის განვითარებას და სრულყოფას.
დღევანდელ დღეს პლასტიკური ოპერაციები თანამედროვე მედიცინის საკმაოდ წარმატებული და პროგრესირებადი მიმართულებაა. ამ ოპერაციების საშუალებით შესაძლებელი გახდა ყბა-სახის, სხეულის, კანის დეფექტების შესწორება, ძველი სილამაზის დაბრუნება და ადამიანებისათვის თავდაჯერებულობის გაძლიერება. თანამედროვე მედიცინა საშუალებას გვაძლევს შევასწოროთ სახის და სხეულის დეფექტები როგორც ქირურგიული ასევე თერაპიული მეთოდების საშუალებით. ქვემოთ გათავაზობთ პლასტიკური მკურნალობის რამოდენიმე მიმართულებას, ესენია:
• ესთეტიური დერმატოლოგია – აქ შედის ნაოჭების, ნაიარევის, ფერიმჭამელების, დაჭიმულობის, პიგმენტების და სისხლძარღვოვანი დარღვევების მოცილება.
• ესთეტიური მედიცინა – აქ შედის პილინგი, ლიფტინგი, ინექციები (სახის კანის გადაჭიმვა).
• მეზოთერაპია/ვიტამინური თერაპია – აქ იგულისხმება კანის გაახალგაზრდავება, სხვადასხვა ქიმიური და ბუნებრივი ხსნარების საშუალებით.
• პლასტიკური, რეკონსტრუქციული და ესთეტიური ქირურგია.
ამ უკანასკნელში ერთიანდება ქირურგიული მანიპულაციების უდიდესი სპექტრი, მათ შორის:
• ბლეფაროპლასტიკა – ანუ იგივე სახის გადაჭიმვა, რომლის შედეგადაც ქრება ნაოჭები და კანი იბრუნებს ადრინდელ ელასტიურობას. ამ პროცედურის შემდეგ თვალების ქვეშ ქრება მუქი წრეები და კანის შეშუპებაც. ეს პროცედურა ლაზერული თერაპიით ტარდება.
• რინოპლასტიკა – ანუ ცხვირის ოპერაცია არის ერთ-ერთი ყველაზე ხშირი და გავრცელებული ოპერაცია. რინოპლასტიკის საშუალებით ქრება არა მხოლოდ ცხვირის სილამაზესთან არსებული პრობლემები, არამედ ჯანმრთელობასთან და სუნთქვასთან დაკავშირებული პრობლემებიც, რაც შეიძლება გამოწვეული იყოს ცხვირის მოტეხილობის ან ძგიდეს დეფორმირების გამო.
• ტუჩის კორექცია – ისევე როგორც ცხვირის ოპერაცია ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული და პოპულარული ოპერაციაა, რომელსაც ქალბატონები ძირითადად ტუჩების გადიდების მიზნით მიმართავენ. ამ ოპერაციის საშუალებით შესაძლებელია არა მხოლოდ ტუჩის გადიდება, არამედ მისი დეფექტების გამოსწორებაც და ფორმის შეცვლაც. ექიმების გამოკითხვის შედეგად დადგინდა, რომ ამ პროცედურის მომხმარებელი ქალების მხრიდან ოპერაციის გაკეთების მიზეზი ან საყვარელი მამაკაცის დაჟინებული მოთხოვნა ან ლამაზი და ცნობილი ქალების მიბაძვის სურვილია.
• აბდომენოპლასტიკა – ეს რთული დასახელების პროცედურა მუცლის კორექციას ნიშნავს, რომელიც საკმაოდ ეფექტური ოპერაციაა, იმ ადამიანებისათვის, რომლებსაც წონაში დაკლების ან მშობიარობის შედეგად მუცლის კანის პრობლემები შეექმნათ. ამ ოპერაციის შემდეგ კანი კვლავ იბრუნებს სიმკვრივეს და ჯანსაღ შესახედაობას.
• ოტოპლასტიკა – ანუ ყურების ფორმის კორექცირება. ეს ოპერაცია ასწორებს ყურის დეფექტს, რაც ადამიანს შეიძლება დაბადებიდან ჰქონდეს. ამ ოპერაციას ძირითადად მცირე ასაკში მიმართავენ, იმისათვის, რომ ბავშვმა ზრდასრულ ასაკში თავიდან აიცილოს ტრავმა და კომპლექსი ყურების გამო.
• სარძევე ჯირკვლების ოპერაცია – ანუ მკერდის ოპერაცია ქირურგიული ჩარევის საშუალებით. მთელ პლასტიკური ქირურგიის სიტორიაში, პოპულარობის და ხშირი გამოყენების მხრივ, მკერდის პლასტიკური ოპერაცია პირველ ადგილს იკავებს. ამ ოპერაციის საშუალებით შესაძლებელია, არა მხოლდო მკერდის გადიდება, არამედ მისი დაპატარავებაც, კორექციაც, დეფექტების შესწორებაც და ა.შ.
ბოლო წლებში პლასტიკური ქირურგია აქტიურად შემოიჭრა და დამკვიდრდა ჩვენს ცხოვრებაში. ადრე თუ მის შესახებ ყურმოკვრით გვსმენოდა და ძალზე იშვიათი იყო, ახლა ის ჩვენი ყოველდღიურობის ნაწილი გახდა. ადამიანებს, განსაკუთრებით მანდილოსნებს, აღარ სურთ ფიზიკურ ნაკლთან შეგუება ან უბრალოდ უნდათ, უფრო ლამაზები იყვნენ და ამის საშუალებაც ხელთ აქვთ – პლასტიკური ქირურგია. მაგრამ ამ საკითხს აქვს მეორე, რელიგიური მხარე – ღმერთმა ადამიანი თავის ხატად ანუ მსგავსად შექმნა, ის გარეგნობა უბოძა, რაც აქვს და რამდენად გამართლებულია ღვთის ნებაში კორექტივების შეტანა? ფსიქოლოგები ამბობენ რომ ყველაფერი გონებიდან მოდის. თუ შენ შეიყვარებ შენი სხეულის არც თუ ისე ლამაზ ნაწილს, სხვასაც მოეწონება. სხვათა შორის 2005 წელს ჩატარდა გამოკითხვა, რომლის შედეგად 70% გამოკითხული მამაკაცებისა წინააღმდეგია, რომ ქალმა გარეგნობა პლასტიკური ქირურგიის სახით შეიცvalos,,,,,,,, ალბათ დაგაინტერესებთ, ყველაზე ხშირად რომელ პლასტიკურ ოპერაციას იკეთებენ ქართველი მამაკაცები. მსოფლიოში ესთეტიკური მედიცინის ცენტრების პაციენტთა 15% მამაკაცია. ასეთივეა სტატისტიკა საქართველოში. მამაკაცები უპირატესად ლიპოსაქციისა და ცხვირის პლასტიკური ოპერაციისთვის მოგვმართავენ. თუ მამაკაცს აბდომინოპლასტიკა სურს, მას ყოველთვის უნდა წონის დაკლება და, სულ მცირე, 20-40 კილოგრამის მოცილება, პლასტიკური ქირურგია კი, როგორც გითხარით, სიმსუქნესთან ბრძოლის საშუალება არ არის. სხეულის ფორმის კორექცია ამ დროსაც მნიშვნელოვანია, მაგრამ სიმსუქნესთან ბრძოლა სხვა მეთოდებით, მაგალითად, კუჭის ბანდაჟირებით უნდა წარიმართოს.
პლასტიკურ ქირურგიას მიმართავენ არა მხოლოდ ცნობილი და მდიდარი ადამიანები, არამედ ისეთებიც, რომლებსაც სერიოზული პრობლემები შეექმნათ გარეგნობასთან და ჯანმრთელობასთან, ავარიის, დასახიჩრების, ფიზუკური შეერაცღყოფის ან თუნდაც დიდი სტრესის გადატანის შედეგად. ეს ყველაფერი გასაგები და მისაღებია. თუმცა, როდესაც ცნობილ და მდიდარ ადამიანს, ტვინზე მეტი ფული აქვს, სწორედ პლასტიკური ქირურგიის საშუალებით ისეთ ზიანს აყენებს თავის გარეგნობას და სხეულს, რომ ღვთისგან ბოძებულ სილამაზეს სამუდამოდ იმახინჯებს. პლასტიკურ ქირურგიაში ადამიანების სამუდამო დამახინჯების და ტრაგიკული შედეგების არა ერთი ფაქტი არსებობს. შესაბამისი დიეტის, ვარჯიშების და ჯანსაღი ცხოვრების წესებით, თავისუფლად არის შესაძლებელი სილამაზის და ჯანმრთელობის სიბერემდე შენარჩუნება, როგორც ამას აღმოსავლური მედიცინა და სიბრძნე გვასწავლის. ამ საკითხებზე არა ერთი სტატია გამოქვეყნდა ჩვენს ჟურნალში.
საოცარია, თუ ოპერაციას სასიცოცხლო მნიშვნელობა არა აქვს, რატომ წვება ისედაც ლამაზი, ცნობილი, წარმატებული და მდიდარი ადამიანი დანის ქვეშ? ამ კითხვაზე პასუხი ალბათ თავად იმ ადამიანებს უნდა ვკითხოთ. თუმცა, ალბათ პასუხი ისედაც ნათელია – "სილამაზის დიდი ხნით შენარჩუნება". სამწუხაროა, რომ უმეტესობა არ უფიქრდება, ამ ოპერაციების შემდგომ და გვერდით მოვლენებს, რაც ასაკთან ერთად ვლინდება და არა მხოლდო სილამაზეს არამედ ჯანმრთელობასაც ემუქრება.
ჩემი დიდი სურვილის მიუხედავად ქართული შოუ ბიზნესის წარმომადგენლების შესახებ, რომლებიც პლასტიკური ქირურგიის ხშირი მომხმარებელნი არიან, საკმაოდ მწირი ინფორმაცია მოვიძიე, ვინაიდან როგორც წესი ჩვენს პატარა და მშვენიერ დედაქალაქში, ყველა ვიღაცის ნათესავი და ახლობელია და სწორედ ამიტომ, თუ ცნობილ ადამიანს გააკრიტიკებ ან მის გარეგნობას შეაფასებ, "ქება-დიდებას" და "პატივისცემას" არ მოგაკლებენ. გამომდინარე აქედან გადავწყვიტე უცხოელი მსახიობების, მომღერლების და უბრალოდ ცნობილი ადამიანების გატარება კრიტიკის და შეფასებების ქარცეცხლში. თუმცა, არა ჩემი კრიტიკის, არამედ მკითხველის კრიტიკის. ალბათ უდავოა, რომ სწორედ კამათში და კრიტიკაში იბადება ჭეშმარიტება და ვლინდება სიმართლე. სწორედ ამიტომ ჩვენ არ უნდა გვეშინოდეს ჯანსაღი კრიტიკის და სიმართლის მოსმენის, რისი დანაკლისიც ქართულ საზოგადოებას ნამდვილად აქვს.
გთავაზობთ პლასტიკური ქირურგიის მსხვერპლებს, რომლებსაც გარეგნობა და სხეული, რბილად, რომ ვთქვათ საგრძნობლად "უარეს" მდგომარეობაში აქვთ და ასევე, იმ იმ ადამიანებს, რომლებიც პირიქით, უფრო გალამაზდნენ.
ისე კი, ალბათ ღვთისგან ბოძებულ სილამაზეს, ვერანაირი პლასტიკური ქირურგიის მიერ შექმნილი სილამაზე ვერ შეედრება.
გამოყენებული ლიტერატურა : 1. ქართული სამედიცინო ინტერნეტ- -ქსელი. 2. ქართული სამედიცინო პორტალი.
3. თბილისის აღდგენითი პლასტიკური ქირურგიის და დერმატოკოსმეტოლოგიის სამედიცინო ინსტიტუტი.
Subscribe to:
Post Comments (Atom)
No comments:
Post a Comment